რუსეთმა ბელგოროდში, დაბომბვის გამო საარჩევნო უბნები დროებით დახურა - Meduza

რუსული დამოუკიდებელი რესურსის Meduza-ს ცნობით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს, ბელგოროდზე დრონებით იერიშის გამო, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დროებით შეჩერებულია.

15 მარტის დილას ბელგოროდის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ 7 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო.

პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ იტყობინება, რომ სარაკეტო საფრთხის გამო, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემისას მისული ხალხი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საარჩევნო უბნები. ნახევარ საათზე ნაკლებ დროში კი, კენჭისყრა გაგრძელდა.


Telegram არხ Shot-ის ცნობით, ბელგოროდში რამდენიმე მანქანა დაზიანდა და ერთ შენობას ხანძარი გაუჩნდა.

ბელგოროდის ოლქის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ თავდასხმისას დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კიევმა მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან იძულებულნი არიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, „არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „ფსევდოარჩევნებში.“