აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგი მეათე სამმხრივი შეხვედრა თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან მეცხრე სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა მეცხრე შეხვედრაზე განხილულ საკითხებზეც ისაუბრა.
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ერთობლივ რეგიონულ პროექტებს და ყველა მათგანი სრულად უნდა განხორციელდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა აზიიდან ევროპაში ენერგიის ტრანსპორტირების და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში," - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ამავე დროს, მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთი პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი და სამხრეთის გაზის დერეფანი.
„მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის თანამშრომლობის გაღრმავება, რათა შუა დერეფანი სრული დატვირთვით ამოქმედდეს და ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კავშირები, რათა გავზარდოთ ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალი," - დასძინა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.