ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში, სულ მცირე, 15 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტების საქმეზე: საარჩევნო ყუთების საღებავით შევსების მცდელობისა და საარჩევნო უბნებზე ცეცხლის წაკიდების გამო. ამის შესახებ „ნოვაია გაზეტა ევროპა“ რეგიონული საგამოძიებო კომიტეტების ანგარიშებზე დაყრდნობით წერს.
საქმე საარჩევნო უფლებების განხორციელებაში ხელის შეშლის მუხლით არის აღძრული, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავდროულად, სახელმწიფო სათათბირო აცხადებს, რომ ისინი აპირებენ მოამზადონ კანონპროექტი პასუხისმგებლობის გამკაცრებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ქმედებები საზღვარგარეთიდან არის კოორდინირებული საომარი მოქმედებების დროს. 16 მარტს, საღამოს, არჩევნების მეორე დღეს, ცესკოს მონაცემებით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობამ 58 პროცენტს გადააჭარბა. შაბათს მწვანე საღებავით ბიულეტენების გაფუჭების მცდელობის სამი შემთხვევა დაფიქსირდა - ეკატერინბურგში, ალტაის მხარეში და კალინინგრადის რეგიონში. სულ ასეთი 20-მდე ფაქტი მოხდა. დააკავეს თითქმის ყველა, ვინც ბიულეტენების გაფუჭებას და ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა.