ქვეყნიდან მოქალაქეების გადინების შესახებ დღეს დებატებმა პარლამენტში გადაინაცვლა. ოპოზიციის მიერ წადმოდგენილ ციფრებს მმართველი გუნდაი „დეზინფორმაციას“ უწოდებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა დავით კირკიტაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საქართველოს ოჯახებით ტოვებენ.
„დიახ, დიდი პრობლემაა ის, როდესაც საქართველო 800 000-მა მოქალაქემ დატოვა, 800 000-მა მოქალაქემ და ეს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ამ ქვეყანაში მდიდრდება ელიტა, მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფი, ხალხი კი ღარიბდება. ამ ციფრზე თქვენ გაქვთ რეაქცია, ამას სჭირდება არა წამოძახილი ადგილიდან, არამედ, ეკონომიკის გაუმჯობესება, თქვენ აპროტესტებთ, ცდილობთ ხელი შეგვიშალოთ საუბარში და ეს ნამდვილად არ გამოგივათ, რადგან ეს არის რეალობა!
თქვენ ამ ციფრს ეწინააღმდეგებით, ეწინააღმდეგებით იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ რა ვუყოთ იმ ციფრს, რომელსაც აქვეყნებს ევროპის თავშესაფრის სააგენტო?! ევროპის თავშესაფრის სააგენტოზე დაყრდნობით, ამ ციფრებზე დაყრდნობით, თუ 2012 წელს მხოლოდ ერთ ქვეყანაში, იტალიაში მაგალითად, მუდმივად 7 083 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდა, 2022 წელს ეს ციფრი უკვე სამჯერ გაიზარდა 22 900 მიაღწია. თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კი 54-ჯერ არის გაზრდილი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, იტალიაში,“ განაცხადა კირკიტაძემ.
პლენარულ სესიაზე გამოსვლისას მამუკა მდინარაძემ ოპონენტები ტყუილში დაადანაშაულა.
„წარმოჩენა, რომ ხალხი ტოვებს საქართველოს, არის დეზინფორმაცია და მანიპულაცია - თითქმის იმდენივეა შემოსული, რამდენიც არის გასული,“ განაცხადა თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მედიასთან. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრობის" წარმომადგენლები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათთვის პოლიტიკურად საჭირო საკითხებით გადაფარვას ცდილობენ.
„ეს ხომ მარტივი მანიპულაციაა - როდესაც ამბობ, რომ ადამიანი გადის, საზღვარს ტოვებს და თუ არ იტყვი, რამდენი შემოდის, აქ განცდა ჩნდება, რომ ადამიანი წავიდა და თითქოს არ დაბრუნებულა. ეს არის ტყუილი, ეს არის დეზინფორმაცია. "ნაციონალური მოძრობის" წარმომადგენლები ცდილობენ, წვალობენ, რომ ის კონკრეტული საკითხები, რომელიც, რეალურად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი, გადააფარონ მათთვის პოლიტიკურად საჭირო საკითხებით და აქაც მანიპულაციას მიმართავენ. თუ სტატისტიკას ნახავთ, იმდენივეა შემოსული, რამდენიც არის გასული თითქმის," - განაცხადა ოხანაშვილმა.
„დეზინფორმაციის ხარისხი ნახეთ? 800 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა - დეზინფორმაციის რა ხარისხთან გვაქვს საქმე წარმოიდგინეთ. თინა ბოკუჩავა პარლამენტში კი არ არის, გეჩვენებათ, გასულია. იმ 800 000-ში თვითონაც ითვლება. ანუ, შემოსვლას აღარ ითვლიან. ანუ, თუ მისი განცხადება მართალია, ის აქ არ არის. უცხოეთიდან აკეთებს ამ განცხადებას. ამ დეზინფორმაციის ხარისხთან გვაქვს საქმე და ამ სიგიჟეს აჯერებენ ხალხს.
თავის მიერ გამოგონებულ სიგიჟეში აცხოვრებენ ადამიანებს, ასე ჰგონიათ, მაგრამ უკვე მათ აღარავინ უჯერებს, ამ სიგიჟეში არავინ არ მიჰყვება, იმიტომ, რომ 800 000 ადამიანი რომ გავიდა 800 000 შემოვიდა და შეიძლება, მეტი ან ნაკლები, რამდენიმე ათეული, ასეული ან ათასეული ადამიანი. ასეთი უარყოფითი სალდო ჩვენ არ გვაქვს. 2022 წლის ბოლოს 50 000 იყო უარყოფითი სალდო, ანუ, 5-ჯერ ნაკლები. ესენი უბრალოდ ითვლიან გამსვლელების რაოდენობას და არავინ არ შემოსულა უკან თურმე. თქვენ აქ არ ხართ, თვითონ აქ არ არის,” -აღნიშნა მდინარაძემ მოგვიანებით მედიასთან.
როგორია სტატისტიკა
ინფორმაციისთვის, ემიგრანტი არის პირი, რომელმაც საქართველო დატოვა და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია, ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საქართველო კი, იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).
NDI-ის კვლევა
2023 წლის დეკემბრის კვლევით, მოქალაქეები - განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა - ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან. 16 პროცენტი ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, უმრავლესობა კი, ამბობს, რომ პირადად იცნობს ვინმეს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. მოსახლეობის აზრით, ემიგრაციას დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობა იწვევს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით, 10-დან დაახლოებით, ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს. ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია.
ამავე კვლევით ირკვევა, რომ 10-დან ერთ მოქალაქეს მაინც ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის. გარდა ამისა, მოსახლეობის 62% იცნობს ერთ ადამიანს მაინც, ვინც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა.
მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ემიგრაციის ძირითადი მიზეზები საქართველოში დაბალი ხელფასები (65%) და/ან სამუშაო ადგილების არარსებობაა (56%). ემიგრაციის მიზეზებად სახელდება მაღალი ფასები (28%) და ცხოვრების დაბალი ხარისხი (24%).
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაისში ჩატარებული კვლევით, ყოველი მეექვსე ფიქრობდა ემიგრაციაში წასვლაზე.