ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ოჯახის წევრი, რომელიც რეგულარულად უზრუნველყოფს ფინანსურად, საზღვარგარეთ ჰყავს.
- ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 20% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5% - NDI-ის კვლევა
- NDI-ის კვლევა: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა
კითხვაზე ჰყავთ თუ არა ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობს და ოჯახს რეგულარულად უგზავნის ფულს, 2023 წლის მარტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 16%-მა განაცხადა, რომ დიახ. მაშინ, როცა 2019 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით ეს მონაცემი 12% იყო.
ამასთან, კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 15% აცხადებს, რომ მოსალოდნელია მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ თავად წავიდეს საზღვარგარეთ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია აზალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის. აღნიშნული მონაცემი შემცირებულია 2022 წლის დეკემბრის კვლევის შედეგებთან. დეკემბერში აღნიშნულ კითხვას ამგვარად გამოკითხულთა 20%-მა უპასუხა.
ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევებად სახელდება.
ყოველი მეორე მოქალაქე კი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს. კითხვაზე თუ როგორ აფასებდნენ საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას, გამოკითხულთა 48%-მა განაცხადა რომ — ცუდად, 42%-მა კი — საშუალოდ. საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას კარგად მხოლოდ გამოკითხულთა 9% აფასებს.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ და დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.