ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი. ამასთან, აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა.
კითხვაზე, ბარათზე ჩამოთვლილთაგან, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:
12% - ფული არ გვყოფნის საკვებზე;
28% - ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე;
45% - ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები;
10% - საშუალება გვაქვს შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა;
3%- საშუალება გვაქვს შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება;
1%- არ ვიცი.
1%- უარი პასუხზე.
კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.