შეიძლება თუ არა შეასუსტოს შენგენის ზონის წევრობის პერსპექტივა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს ევროკავშირთან უშუალო სახმელეთო საზღვარი არ აქვს. ეს ერთ-ერთია იმ შეკითხვებიდან, რომლებიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ მოქალაქეებისგან მიიღო. პასუხებს ელჩმა და მისმა გუნდმა უპასუხეს.
პასუხი: შენგენის ზონა საზღვრის ტიპით არ განისაზღვრება. ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა (მალტა, კვიპროსი, ირლანდია) შენგენის ზონის წევრია, თუმცა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მათ სახმელეთო საზღვარი არ აქვთ. თუ საქართველო შენგენის ზონას შეუერთდება, შენგენის ზონის სხვა ქვეყნებთან საჰაერო ან საზღვაო საზღვრების გადაკვეთისას სასაზღვრო შემოწმება აღარ იქნება საჭირო. ანუ თბილისიდან ლისაბონში თვითმფრინავით ან ფოთიდან ვარნაში გემით გამგზავრება პასპორტის შემოწმების პროცედურის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი. თუმცა შენგენის ზონაში გაწევრიანებამდე საქართველომ აღნიშნული ზონის საერთო წესები უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ, ეს წესები შეეხება საქართველოს იმ სახმელეთო საზღვრებს, რომლებიც მას ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან აქვს, რადგან ეს საზღვრები ევროკავშირის გარე საზღვრები გახდება.
მოთხოვნები შეეხება ევროკავშირის გარე საზღვრების კვეთას, მათ შორის, ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა, სავიზო შემოწმება, შესვლის პირობების ჰარმონიზაცია, ტრანსსასაზღვრო საპოლიციო თანამშრომლობა და უფრო მჭიდრო სასამართლო თანამშრომლობა ექსტრადიციის და სისხლის სამართლის გადაწყვეტილებების აღსრულების უფრო სწრაფი სისტემის დანერგვის გზით.“