“ებრძვიან ადამიანს, რომელმაც ქვეყანას სიკეთე მოუტანა“ - ანდრია ჯაღმაიძე დავით ხიდაშელზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს.

მის განცხადებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.


„წარმოგიდგენთ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას დავითგარეჯის საკითხის შესახებ:

ბოლო დღეებში კვლავ დაიწყო მორიგი დეზინფორმაციული შეტევა დავითგარეჯისა და მის მიმდებარე სასაზღვრო ზოლის საქმის შესახებ. 

სამწუხაროდ, პერიოდულად, სახელმწიფოსა და სამშობლოს ინტერესების დაცვისგან შორს მყოფი ხალხი თავს ესხმის ამ ეროვნულ და საკრალურ საკითხს და ცდილობს, დეზინფორმაციითა და ღვარძლით ჩირქი მოსცხოს იმ სიმართლეს, რაც საზოგადოებისა და ქართველი ერისთვის თავზარდამცემი გახდა. 


ალბათ, ასეთი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა, როდესაც ქვეყანა, რომელიც თავისი ათასწლეულობით კუთვნილი ტერიტორიების საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ საკუთრებას ადასტურებს, კერძოდ, კარტოგრაფიული და იურიდიული დოკუმენტაციით, და ამ დროს იმავე ქვეყნის მოქალაქეთა თუნდაც უმცირესი ნაწილი აღნიშნულ პროცესს ეწინააღმდეგება და ებრძვის. 


დღეს ამ საკითხისადმი ახალი დეზინფორმაციის საშუალებად ბატონი დავით ხიდაშელის სახელი წამოწიეს. აბრალებენ და შეურაცხყოფენ ადამიანს იმის გამო, რომ მან საქართველოში ჩამოიტანა უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მდგომარეობას 1936-41 წწ. ჩათვლით გვიჩვენებს.


მოგეხსენებათ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1996 წელს ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში შედგა პრინციპული და ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფოთაშორის საზღვრის დამდგენ ხაზს 1938 წლის მდგომარეობით აღიარებს. ბატონი დავითის მიერ სწორედ ამ წლების კარტოგრაფიული მასალა იქნა გადაცემული სახელმწიფოსთვის, მათ შორის, არა მარტო რუსული რუკა, არამედ ამერიკულიც და გერმანულიც, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს 1936-41 წლებში საქართველოს სასარგებლოდ საზღვრავს. გარდა ამისა, ბატონმა დავითმა საქართველოს გადასცა 200-ამდე უნიკალური კარტოგრაფიული მასალა, რაც უდავოდ ქვეყნის სიმდიდრეა.


დეზინფორმაციის შემქმნელები ხაზს უსვამენ მხოლოდ რუსულ, 1936-38 წლების რუკას და დიახ, ეს უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალაა, რომელიც იურიდიულად დამოწმებული სახით არ მოგვეპოვებოდა და ის გადამწყვეტ როლს ასრულებს სახელმწიფოთაშორის სასაზღვრო საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტაში, მაგრამ მათი მიკერძოებულობა იქიდან ჩანს, რომ ისინი არაფერს ამბობენ ამერიკულ და გერმანულ კარტოგრაფიულ მასალებზე, რომლებიც ბატონმა დავითმა ჩამოიტანა და ზუსტად, იდენტურად იმეორებენ 1936-38 წლებში რუსეთში გამოშვებული კარტოგრაფიული მასალის სასაზღვრო ხაზს!


ებრძვიან ადამიანს, რომელმაც ქვეყანას სიკეთე მოუტანა და იცავენ ადამიანებს, რომელნიც, რომ არა ეკლესიის და ქართველი ერის ერთად დგომა, ქვეყანას, ჩვენს დედასამშობლოს, არა მარტო ისტორიულ, არამედ საკრალურ ტერიტორიებსაც დააკარგვინებდნენ.

დიახ, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ გარეჯი საქართველოა და ის ასეც დარჩება მომავალში!"


“მთავარი არხის” ცნობით, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა. კერძოდ, ხიდაშელთან გაფორმებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარი უნდა ყოფილიყო.


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დავით ხიდაშელთან თავდაცვის უწყების მიერ გაფორმებულ კონტრაქტზე დეტალურად არ საუბრობს.

„დავით ხიდაშელი ჩემს მრჩევლად?… იყო რაღაც პერიოდი, როცა გარეჯაზე ვმუშაობდით, იცით თქვენ, რომ დავით გარეჯის საკითხზე ვმუშაობდით და მაშინ დავითიც [ხიდაშელი] ჩართული იყო ამ საკითხზე. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ დაგვჭირდებოდა კითხვები.”

კითხვა, მისი ინფორმაციით, დღესაც არის თუ არა ის მრჩეველი, ასე პასუხობს:

“არ მგონია, დღეს არ იქნება ალბათ გაფორმებული.”


თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 9 თებერვალს წარუდგინა. თავდაცვის სამინისტროს 15 მარტის განცხადებით, 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეუწყდა და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.