ევროკავშირი საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი აცხადებს, რომ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა გაძლიერდეს ქვეყნის მდგრადობა და ქვეყანამ მოაგვაროს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც რუსეთის ქმედებების გამო დგას. ამასთან, ევროკავშირი საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს 

„ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და იმ გამოწვევების მოგვარებაში, რომლის წინაშეც ის დგას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ძირის გამოთხრისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების შედეგად და ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად,“ - აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, კომისიის 2024 წლის 12 მარტის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.

„ევროპული საბჭო იწვევს კომისიას, მოამზადოს მოლაპარაკებების ჩარჩო, მისი მიღების მიზნით იმ მომენტში, როდესაც გადაიდგმება ყველა შესაბამისი ნაბიჯი, რომელიც მითითებულია კომისიის 2022 წლის 12 ოქტომბრის რეკომენდაციაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.


ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების კუთხით წინსვლის საქმეში. ევროპული საბჭო ყურადღებას აპყრობს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც გუშინ, საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

“უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტის წარდგენის შემდეგ, ევროპული საბჭო იწვევს ევროკავშირის საბჭოს, სწრაფად მიიღოს ისინი და შეუფერხებლად განახორციელოს მუშაობა“, - აღნიშნულია დოკუმენტის იმ თავში, რომელიც გაფართოების პოლიტიკას ეხება.

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპული საბჭო მომავალ შეხვედრაზე შიდა რეფორმებს განიხილავს, რათა მიიღოს დასკვნები მომავალი მუშაობის საგზაო რუკის შესახებ.

„ევროპულმა საბჭომ შეაფასა გაფართოებისა და შიდა რეფორმებისთვის მზადება და განაცხადა, რომ ორივე გზაზე მუშაობა პარალელურად უნდა განვითარდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოები, ასევე ევროკავშირი მზად იქნებიან გაწევრიანების დროს. ევროპული საბჭო მომავალ შეხვედრაზე შიდა რეფორმებს განიხილავს, რათა 2024 წლის ზაფხულისთვის მიღებულ იქნეს დასკვნები მომავალი მუშაობის საგზაო რუკის შესახებ“, - აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები.