რუსეთის საერთო იურისდიქციის სააპელაციო სასამართლომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის, დენის რაშპლეს წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელი გაამკაცრა და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური იტყობინება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის 25 წლის მძღოლი თავდაპირველად ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის “უზენაესმა სასამართლომ“ გაასამართლა და მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ გაიზიარა საბრალდებო დასკვნა, რომლის თანახმად, რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში დენის რაშპლემ მეთაურების „უკანონო ბრძანება“ შეასრულა და 2002 წლის თებერვალ-აპრილში ავტომატით 25 სამოქალაქო პირი დახვრიტა. მათგან 16 დაიღუპა, ხოლო ცხრა გადარჩა.
რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ რაშპლემ ჩადენილი დანაშაული ნებაყოფლობით, წერილობით აღიარა.
უკრაინა არ აღიარებს ანექსირებული დონეცკის რეგიონში რუსეთის სასამართლოების იურისდიქციას და დატყვევებული სამხედროების წინააღმდეგ სასამართლო პროცესებს პატიმრების მოპყრობის შესახებ ჟენევის მესამე კონვენციის დარღვევად მიიჩნევს. საერთო ჯამში, რუსეთის მიერ კონტროლირებადმა სასამართლოებმა გაუმჭვირვალე სასამართლო პროცესების პირობებში ათობით უკრაინელი ჯარისკაცი გაასამართლეს, ომის დროს უკრაინის რეგიონების მცხოვრებლების მკვლელობის ბრალდებით.
მიმდინარე წლის თებერვალში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მამუკა გაწერელიას, რომელიც მარიუპოლში „აზოვსტალის" დასაცავად იბრძოდა და 2022 წლის 20 მაისს მას შემდეგ ჩავარდა ტყვედ, რაც მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებას „აზოვსტალის" დატოვების შესახებ.
რუსეთის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე მამუკა გაწერელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული: სამი სამხედროს მკვლელობა და შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულად მონაწილეობა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და მის არმიას, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, ასევე, უკრინის გენერალური პროკურატურის არაერთი მტკიცებულების საფუძველზე ომის დანაშაულებში სდებენ ბრალს. პუტინის წინააღმდეგ კი, ჰააგის სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გაცემული.