ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი შეშფოთებულია ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ. სტანოს თქმით, მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
„სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოს 2023 წლის ანგარიშისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაციაა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა ასევე არის იმ ცხრა საფეხურის ნაწილი, რომელიც ევროკომისიის მიერ წარდგენილ ევროკავშირის გაფართოების კომუნიკეშია ჩამოთვლილი. ეს დადასტურებულია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, რომლებმაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაუწიეს.
სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს ექსტრაორდინარული შემოწმების სისტემა კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც წამყვან თანამდებობებზე არიან. კერძოდ, კერძოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები სასამართლო სისტემის მთლიანობის შემოწმების პოტენციურ სისტემასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ევროკავშირი რჩება აქტიურ დიალოგში ხელისუფლებასთან და მზად არის, საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გზაზე წინსვლას,“ – წერია განცხადებაში.
19 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ე.წ. ვეტინგის თემა დახურულია“, რომ ის შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან და სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპებთან. ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას.
ცნობისთვის, სასამართლო სისტემაში „ვეტინგი“ არის მექანიზმი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ამოწმებს. ეს არ არის სტანდარტული პროცესი და მას ქვეყნები გამოიყენებენ მაშინ, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია, გამეფებულია კორუფცია და კლანური მმართველობა, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სისტემა კი თავისი თავის გაჯანსაღებას ვერ ახერხებს. „ვეტინგს“ საქართველოში ეწინააღმდეგებიან სახელისუფლებო პარტიაც და სასამართლო ხელისუფლების ძირითადი ნაწილიც.