მოსამართლეთა კონფერენციამ ე.წ. ვეთინგი დაგმო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი აირჩია

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლევან მურუსიძის ინფორმაციით, მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე, რომელიც 24 მარტს გაიმართა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე აირჩიეს, მდივნის პოზიციაზე კი, ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.

მურუსიძის თქმით, ეს პირები ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს.


„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამდენი მოსამართლე არ ყოფილა არცერთ კომფერენციაზე, რომელში მე მიმიღია მონაწილეობა. დღევანდელი კონფერენცია ყველაზე ხალხმრავალი იყო, რაც მე მახსოვს კონფერენციების ისტორიაში. რაც შეეხება "ვეტინგის" თემას. მოსამართლეები ერთსულოვნები იყვნენ, რომ ეს არ ემსახურება კეთილსინდისიერების შემოწმებას და რეალურად მიმართულია იქით, რომ მოხდეს სასამართლოს დამორჩილება. რაც შეეხება სხვა საკითხს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევას, ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე საბჭოს წევრებად, ხოლო მდივნად არჩეული იქნა ნიკოლოზ მარსაგიშვილი. თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით იქნენ არჩეულები,“ - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, მოსამართლეთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეთინგის სისტემის დანერგვის ინიციატივას.


„საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს. მოსამართლეებმა კონფერენციის მონაწილე კოლეგებს სიტყვით მიმართეს და შეშფოთება გამოთქვეს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის - ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.


იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს უზენაესი სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ. „ვეთინგი“ ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. აღნიშნულ განცხადებას მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციას 295 მოსამართლე ესწრებოდა,“ წერია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


  • აქვე მოყვანილია უზენაესი სასამართლოს განცხადებაც.

„საქართველოს უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სწორად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან,” აღნიშნულია განცხადებაში.



ცნობისთვის, სასამართლო სისტემაში „ვეტინგი“ არის მექანიზმი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ამოწმებს. ეს არ არის სტანდარტული პროცესი და მას ქვეყნები გამოიყენებენ მაშინ, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია, გამეფებულია კორუფცია და კლანური მმართველობა, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სისტემა კი, თავისი თავის გაჯანსაღებას ვერ ახერხებს. „ვეტინგს“ საქართველოში, სახელისუფლებო პარტიაც და სასამართლო ხელისუფლების ძირითადი ნაწილიც ეწინააღმდეგებიან.