FT: აშშ ჩინეთის საფრთხის გამო, იაპონიასთან უსაფრთხოების შეთანხმების მნიშვნელოვან განახლებას გეგმავს

შეერთებული შტატები და იაპონია ჩინეთის საფრთხის ფონზე, ბოლო 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უსაფრთხოების ხელშეკრულების ყველაზე დიდ განახლებას გეგმავენ.

ამის შესახებ Financial Times- წერს. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა იაპონიაში აშშ-ის სამხედრო სარდლობის რესტრუქტურიზაციის გეგმებს გამოაცხადებენ, რათა გააძლიერონ ოპერატიული დაგეგმვა და წვრთნები ქვეყნებს შორის, განუცხადეს გამოცემას წყაროებმა.


მათი თქმით, გეგმა 10 აპრილს გახდება ცნობილი, როდესაც ბაიდენი თეთრ სახლში კიშიდას მიიღებს. მოკავშირეებს სურთ, გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოების კავშირები, რათა უპასუხონ ჩინეთის მზარდ საფრთხეს, რომელიც მოითხოვს მათი სამხედროების თანამშრომლობას და დაგეგმვას უფრო თანმიმდევრულად, განსაკუთრებით, კრიზისულ სიტუაციებში, როგორიცაა, პოტენციური კონფლიქტი ტაივანში.

თეთრმა სახლმა, პენტაგონმა და აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლობამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. იაპონიის მთავრობას ასევე არ გაუკეთებია კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ადმირალმა ჯონ აკილინომ, აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩინეთი აძლიერებს სამხედრო და ბირთვულ არსენალს და მზად იქნება 2027 წლისთვის, რომ ტაივანში შეიჭრას. გასული წლის დეკემბერში, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სან-ფრანცისკოში სამიტის დროს, რომ პეკინი გააერთიანებდა ტაივანს კონტინენტურ ჩინეთთან, მაგრამ როდის მოხდებოდა ეს, ჯერ უცნობია.