აზერბაიჯანული გაზის საკუთარი საჭიროებისთვის შესყიდვას კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა იწყებს

ალბანეთი აზერბაიჯანული გაზის საკუთარი საჭიროებისთვის გამოყენებას 2026 წლიდან აპირებს, ამ მიზნით საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია S&P Global Ratings-ზე დაყრდნობით წერს.

„გარდა ამისა, არსებული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა, ტრანსადრიატიკის მილსადენი (TAP), მიზნად ისახავს ალბანეთის ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციას და მისი დამოკიდებულების შემცირებას ჰიდროენერგეტიკაზე. TAP-ის მთავარი როლია ალბანეთში, ხელი შეუწყოს გაზის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან ევროპის ბაზრებზე, მათ შორის, იტალიაში,“ - აღნიშნავს S&P.


ალბანეთში აზერბაიჯანული გაზის წლიური მიწოდება დაახლოებით 200 მილიონი კუბური მეტრს მიაღწევს. ალბანეთი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მეცხრე მყიდველი იქნება იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოს, თურქეთის, უნგრეთის და სერბეთის შემდეგ. ამასთან, არის ქვეყნების კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებსაც აზერბაიჯანიდან გაზის შეძენა სურთ. ესენია ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ხორვატია, სლოვაკეთი და ჩრდილოეთ მაკედონია. აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში 2021 წელს 8 მილიარდი კუბური მეტრიდან 2023 წელს 11,8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა.


მთლიანობაში ქვეყანამ გასულ წელს 23,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაატარა. ევროკავშირთან მემორანდუმის მიხედვით, ბაქომ 2027 წლისთვის ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაზარდოს.

აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში ტრანსადრიატიკის მილსადენის გავლით შაჰდენიზის გაზის კონდენსატის საბადოდან 2020 წლის ბოლოს დაიწყო. ამჟამად მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 12 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. TAP-ის მთლიანი სიგრძეა 878 კმ, საიდანაც 550 კმ გადის საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილზე, 215 კმ ალბანეთის ტერიტორიაზე, 105 კმ ადრიატიკის ზღვის ფსკერზე და 8 კმ იტალიის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგი 2,6 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ქვეყანას აქვს კიდევ რამდენიმე პერსპექტიული გაზის საბადო, კერძოდ, ბაბაკი, აბშერონი, უმიდი და ყარაბაღი.