აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 75 წლის წინანდელი მოვლენები, კერძოდ, საბჭოთა კავშირის მთავრობის მასობრივი დეპორტაციები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდა გაიხსენა.
მისი თქმით, ეს სევდიანი ისტორია მის ქვეყანას ეხმარება, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს არც მის ქვეყანაში და არც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მაგალითად კი - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო დაასახელა.
„მინდა, შესაძლებლობა გამოვიყენო და აშშ-ს მადლობა გადავუხადო ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობისთვის, ათწლეულების განმავლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ლიეტუვის უფრო მეტად უსაფრთხო ქვეყნებად ქცევისთვის.
დღეს ის თარიღია, როდესაც სევდიანი ისტორიის 75 წელს ვიხსენებთ, რადგან 75 წლის წინ საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მასობრივი დეპორტაცია დაიწყო. როდესაც ათიათასობით და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე ციმბირში გადაასახლეს და მთელი ცხოვრების იქ გატარება აიძულეს, ბევრმა მათგანმა სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო.
ეს მოგონება გვეხმარება უკეთ გავიგოთ ის, რასაც დღეს ვაფასებთ. უსაფრთხოება, თავდაცვა, კეთილდღეობა, რომელთა მიღწევაც ჩვენ ათწლეულების განმავლობაში შევძელით და ასევე, ვუყურებთ მომავალს, რომ ეს აღარ განმეორდეს, არც ჩვენს ქვეყნებში და არც სხვა ქვეყნებში, რომლებიც თავიანთი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან, როგორიცაა, უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან და საქართველო, რომელსაც 2008 წელს თავს დაესხნენ,“ - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.