$25 მილიარდი რესტორნებს, $170 მილიარდი სკოლებს - რას მოიცავს აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი

რა წერია ეკონომიკური განვითარების გეგმაში, რომელიც აშშ-ის სენატმა დაამტკიცა, ამ თემაზე BBC-მ სტატია მოამზადა. პაკეტი 1,9 ტრილიონიან დახმარებას მოიცავს.

დოკუმენტს თავად პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იწონებს, როგორც გეგმას ბრძოლისუნარიანი ამერიკელების დასახმარებლად.

,,დემოკრატიული პარტიის" ლიდერები, რომლებიც უმრავლესობით არიან წარმოდგენილნი კონგრესში გეგმავენ, რომ მარტის შუა რიცხვებისთვის, ამერიკის ე.წ. სამაშველო გეგმა დაამტკიცონ. სენატმა ის უკვე დაამტკიცა, ხოლო რაც შეეხება წარმომადგენელთა ქვედა პალატას, ის მომავალ კვირას დაამტკიცებს.

,,რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ გეგმა ზედმეტად დიდია და მოიცავს არა პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ ,,დემოკრატების" ძირითად პრიორიტეტებს.

თუმცა, პრეზიდენტი ბაიდენი და მისი თანაგუნდელები ამბობენ, რომ შტატებმა ახლა უფრო დიდი ნაბიჯები უნდა გადადგას და იმოქმედოს, რადგან კრიზისის დროს უფრო მეტი თანხები ღარიბებზე, უმცირესობის წარმომადგენლებსა და ქალებზე იხარჯება.

BBC წარმოადგენს ანალიზს, თუ როგორ აფასებს და რამდენად უჭერენ მხარს თითოეულ კომპონენტს ,,რესპუბლიკელები".

პირდაპირი გადახდები

პანდემიის გამო შექმნილი ვითარების სტიმულირების დახმარების მესამე პაკეტი ითვალისწინებს ერთჯერად გადასახადს 1 400 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიღებს.

ამასთანავე, პაკეტში გათვალისწინებულია, რომ მაღალი გადასახადების გადამხდელებისთვის გათვლილია 75 000 დოლარი, ხოლო მარტოხელა ადამიანებისთვის და წყვილებისთვის 150 000 დოლარზე მეტი.

მხარდამჭერები გადასახადებს საკითხს ოჯახისთვის კრიტიკულ ფინანსურ მხარდაჭერად მიიჩნევენ. განსაკუთრებით ის ამერიკელები საუბრობენ ამის შესახებ, რომლებსაც შემოსავლები შეუმცირდათ, თუ მთლიანად სამუშაო არ დაკარგეს.

BBC წერს, რომ ,,რესპუბლიკელები“ მზად არიან, პაკეტი კიდევ ერთხელ შეამოწმონ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დეკემბერში ჯორჯიის შტატში ჩატარებული არჩევნების წინასაარჩევნო საკითხი იყო. ერთადერთი პრობლემა იყო ის, თუ სად უნდა ჩასმულიყო შემოსავლის ზღვარი, რომ უფრო მდიდარ ოჯახებს არ მიეღოთ გადასახადები.

დამატებითი დახმარება სამსახურის გარეშე დარჩენილებისთვის

კანონპროექტის მიხედვით, სამსახურის გარეშე დარჩენილები სექტემბრამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

როგორც გამოცემა იუწყება, დახმარების ახალი პაკეტის თანახმად ძველი შეღავათებით მოსარგებლე 4 მილიონზე მეტ უმუშევრად დარჩენილს შესაძლოა დახმარება კრიტიკულად შეუწყდეს, რადგან შეღავათების მიღების უფლება მათ ამჟამად მარტის შუა რიცხვებში ეწურებათ.

მშობლების დახმარება

დემოკრატები აპირებენ, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს წელიწადში 250-300 დოლარის ღირებულების ყოველთვიური შეღავათებით, ასაკის მიხედვით დაეხმარონ.

ეს განპირობებულია იმით, რომ შტატებში ბავშვის არსებული გადასახადის კრედიტის ღირებულება ყოველწლიურად 2 000 დოლარიდან 3 600 დოლარამდე გაიზარდა.

ბავშვებზე ზრუნვის ხელშეწყობა ერთ-ერთია იმ იშვიათ საკითხთაგან, რომელსაც ენთუზიაზმით უჭერენ მხარს, როგორც ,,დემოკრატები", ისე ,,რესპუბლიკელები".

ფინანსები Covid19 ტესტებისა და ვაქცინებისათვის

პრეზიდენტმა ბაიდენმა მოითხოვა, რომ 50 მილიარდი დოლარი კოვიდ ტესტირების ცენტრების გასაუმჯობესებლად გამოყოფილიყო, ხოლო 20 მილიარდი დოლარი ეროვნული ვაქცინაციის კამპანიის, სათემო ცენტრების შექმნისა და კადრების ადმინისტრირებისთვის.

BBC-ის ცნობით, ზოგიერთ შტატში ცდილობდნენ, მოიძიონ დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ვაქცინაციის ყოვლისმომცველი პროგრამის ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის, რაც ქმნის შედეგების უთანასწორობას აშშ-ის მასშტაბით.

სკოლების გახსნის სახსრები

კანონპროექტი 170 მილიარდ დოლარს უგზავნის სკოლებსა და უნივერსიტეტებს, რათა დაეხმარონ მათ შესაბამისი ინვენტარითა და კოვიდრეგულაციებით გახსნან საგანმანათლებლო დაწესებულებები. შეიძინონ ნიღბები, საწმენდი საშუალებები, განაახლონ სავენტილციოს სისტემები და ა.შ.

თეთრის სახლის ლიდერმა მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების განმეორებით გახსნისკენ მიმართა და ამით უპასუხა იმ კვლევებს, რომლებიც აჩვენებს, რომ დისტანციური სწავლების მქონე სტუდენტები ჩამორჩებიან.

თუმცა, ბევრ კონსერვატორს ეშინია ფედერალური ჩართულობის გაფართოების, საჯარო სკოლების სისტემებში, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე და ისინი კრიტიკულად უყურებენ ამ დაფინანსებას.

ბიზნესის მხარდაჭერა

კანონპროექტი მოიცავს გრანტებს მცირე ბიზნესისთვის, ასევე უფრო მიზნობრივ სახსრებსაც, მაგალითად: 25 მილიარდი დოლარი რესტორნებისა და ბარებისთვის, 15 მილიარდი დოლარი ავიაკომპანიებისთვის, 8 მილიარდი დოლარი აეროპორტებისთვის, 30 მილიარდი დოლარი ტრანზიტისთვის, 3 მილიარდი დოლარი კოსმოსური წარმოებისთვის.

სახსრები ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის

აღნიშნული საკითხი ,,დემოკრატებსა" და ,,რესპუბლიკებს" შორის პოლიტიკური ბრძოლად შეიძლება ჩაითვალოს.

ბაიდენის სტიმულირების პაკეტში, წინა სტიმულირების პაკეტებისგან განსხვავებით, 350 მილიარდი დოლარია ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის, რომელთაგან ბევრი უფრო მაღალი ხარჯების წინაშე დგას.

თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ ბევრ შტატში საბიუჯეტო მდგომარეობა მოსალოდნელზე უკეთესია. კალიფორნიას მოულოდნელი ნამატიც კი აქვს.

ანაზღაურებადი შვებულება და ჯანმრთელობის დაზღვევის დახმარება

გეგმის მიზანია, უფრო მეტ ადამიანს გაუადვილოს ჯანმრთელობის დაზღვევის დამოუკიდებლად შეძენა.კანონპროექტი აღადგენს მოთხოვნას, რომლის მოქმედების ვადა ამოიწურა 2020 წლის ბოლოს, რომ დამსაქმებლებმა შესთავაზონ ანაზღაურებადი შვებულება იმ თანამშრომლებს, რომლებიც Covid19-ით არიან ინფიცირებულები, ან ზრუნავენ ოჯახის ავადმყოფ წევრებზე.

მინიმალური ხელფასი საათში 15 დოლარი

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა ეროვნული მინიმალური ხელფასის გაზრდას საათში 15 დოლარამდე, 2025 წლისთვის, რაც გააორმაგებდა ამჟამინდელ მაჩვენებელს და ხელფასებს გაზრდიდა, სავარაუდოდ, 27 მილიონი მუშახელისთვის

აღნიშული წინადადება საკამათო აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც სენატში ,,დემოკრატების" გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერდა. სენატმა აღნიშნულ პაკეტზე შენიშვნები დააფიქსირა, ხოლო ,,დემოკრატები" დახმარების პაკეტში აღნიშნული საკითხის დახვეწას გეგმავენ.