საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუკი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის საქართველოს ენჯეოსექტორი.
პაპუაშვილის თქმით, ასევე, შესამოწმებელია ყოფილი სახალხო დამცველის კეთილსინდისიერება.
„დაფინანსების წყაროები გაუმჭვირვალეა, ეს პრობლემა კიდევ ცალკე დგას. თავისივე შექმნილ აღქმებზე გვეუბნებიან, რომ საქართველოს მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა გადამოწმდეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
„მილიონი შეხვედრა შედგა მათ შორის ღია და დახურული, ქართველ „ენჯეოებთან“ და ოპოზიციასთან და უცხოელებთან. ვარწმუნებ ქართველ ხალხს, არცერთ ასეთ შეხვედრაზე ვერავის მოჰყავს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემის შესახებ, პირიქით, ყოველ ჯერზე მტყუანი აღმოჩნდნენ ის საელჩოები, ის დონორები, „ენჯეოები“, ის ოპოზიცია, რომელიც თავს ესხმოდა კონკრეტულ მოსამართლეებს, არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემას.
მიზანში ჰყავდათ ამოღებული ლაშა ჩხიკვაძე და ცდილობდნენ მორალურად გაენადგურებინათ, ამაში იხარჯებოდა ევროპული და ამერიკული ფული. როცა ვსაუბრობთ ევროპულ სტანდარტზე, ეს არის სტანდარტი, რომ ადამიანის მორალურ განადგურებაში იხარჯება ევროკავშირის მოქალაქეების ფული? დღეს არავინ არც კი კადრულობს, რომ ბოდიში მოხადონ. ვიდრე ვინმე სიტყვა ვეტინგს ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში მათ, მათ ოჯახებს აყენებდნენ მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ, ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სასამართლოსთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
-
პაველ ჰერჩინსკი: ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას, ეს უნდა მოხდეს უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით
-
ევროკავშირი შეშფოთებულია ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით