რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ კომენტარი გააკეთა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონის ფრაგმენტების ჩავარდნის საკითხზე. მან დრონის წარმომავლობის დაზუსტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ.
„რამდენიმე წუთის წინ თავდაცვის მინისტრს ველაპარაკე. პერიმეტრი წინა ღამიდან დახურულია. გამოძიება მიმდინარეობს. ეს პირველი [მსგავსი შემთხვევა] არ არის, მინდა, რომ ბოლო იყოს, მას არავის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დაუყენებია,” - განაცხადა ჩოლაკუმ. მ
ისი თქმით, დრონის ჩამოვარდნის კრატერიდან გამომდინარე, მას ფეთქებადი ელემენტები არ ჰქონდა და სხვა არეალში ჩამოვარდნის შემთხვევაშიც ზიანს არ გამოიწვევდა.
ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, რომ დრონმა რუმინეთის ტერიტორიაზე 23 კილომეტრი იფრინა და მასზე დატანილი წარწერები რუსულ მარკირებას ჰგავს, რომელსაც „შაჰედის“ ტიპის დრონებზე აკეთებენ.
ცნობისთვის, დრონი ხუთშაბათს ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:45 საათზე ჩამოვარდა და თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ მისი ჩამოვარდნის დროს ხმამაღალი აფეთქების ხმა გაისმა. წყაროების ინფორმაციით, ეს რუსული დრონი იყო, რომლის სამიზნესაც დუნაიზე მდებარე უკრაინული პორტები წარმოადგენდნენ, თუმცა მას GPS ნავიგაციის სისტემამ უმტყუნა.