ა„რ არსებობს გეგმა “ბ”, თუკი უკრაინა მარცხდება, მაშინ ჩვენ, ყველანი მასთან ერთად ვმარცხდებით,„ - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა, როდესაც ჰკითხეს - „რა მოხდება თუკი უკრაინა დამარცხდება? ემზადებით ასეთი სცენარისთვის?“
მარგუს ცაჰკნას განცხადებით, გეგმა, რომელიც არსებობს, ძალიან მარტივია: „მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რასაც ითხოვენ.“
„ჩვენ არ ვემზადებით სათადარიგო გეგმისთვის, რადგან უპირველესი გეგმის გაძლიერებაში უნდა ჩავდოთ ინვესტიცია. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ პუტინის გეგმით ეს „სპეციალური ოპერაცია“ ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის უკრაინელი ხალხის ნება, ბრძოლა. ჩვენთვის გეგმა სინამდვილეში ძალიან მარტივია: მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რასაც ითხოვენ. ისინი არ გვთხოვენ, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა იბრძოლონ მათ მაგივრად. გვთხოვენ იარაღს, ამუნიციას, ფულს. ეს ყველაფერი გვაქვს. ამიტომ ვუხსნით ჩვენს პარტნიორებს, რომ უმთავრესი ისაა, არ გვეშინოდეს.
გამუდმებით გვესმის საუბარი ესკალაციის [რისკის] შესახებ: რომ შესაძლოა ესა თუ ის ნაბიჯი იყოს ესკალაცია. მაგრამ მე გეკითხებით, თუკი ეს არაა ესკალაცია, მაშინ რაღაა? მე არ მჯერა პუტინის მუქარის, რომ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყოველთვის, როცა უკრაინას ახალ შეარაღებას, ტექნიკას ვაძლევთ, პუტინი ამბობს, რომ აი, ახლა ესკალაცია მოხდება, მაგრამ არაფერი მომხდარა. ის უბრალოდ ხოცავს უკრაინელ ხალხს. არღვევს ყველა წესსა და კანონს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევქმენით.
ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს: არ არსებობს გეგმა “ბ”, თუკი უკრაინა მარცხდება, მაშინ ჩვენ, ყველანი მასთან ერთად ვმარცხდებით. ეს არაა მხოლოდ უკრაინის საკითხი, მეტიც, [რუსეთის მიერ] NATO-ს გამოცდის საკითხიც კი არაა, [ამ შემთხვევაში] ჩვენ დავმარცხდებით როგორც დემოკრატიები.
ჩვენ არ ვმუშაობთ სათადარიგო გეგმაზე, უარესისთვის მომზადების თვალსაზრისით. ჩვენ უპირველეს გეგმაში ვდებთ ინვესტიციას. თუმცა, ცხადია, ვზრდით თავდაცვის ხარჯებს. გვესმის, რომ რუსეთი საფრთხედ დარჩება.
2016-17 წლებში, როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი, ჩვენი საზღვრის მეორე მხარეს 120 000 რუსი ჯარისკაცი იდგა. 24 საათში შესვლის მზადყოფნაში. ეს ძალები აღარ არსებობს, ისინი უკრაინაში გაანადგურეს. ასე რომ, უკრაინა არა მხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის, ან ჩვენთვის იბრძვის, არამედ ჩვენ ნაცვლადაც. ესაა მიზეზი, რატომ ვაძლევთ ამდენ სამხედრო დახმარებას უკრაინას, რადგან ეს იარაღი იმ ძალებისგან ჩვენს დასაცავად იყო განკუთვნილი, რომელიც ახლა აღარ არსებობს. ამ იარაღს ძალიან კარგად იყენებენ უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი გეგმავს ამ შესაძლებლობების ჩვენი საზღვრის მეორე მხარეს კვლავ განთავსებას,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.