ნახევარგამტარების უმსხვილესმა მწარმოებელმა Taiwan Semiconductor Manufacturing Co (TSMC) ტაივანის მიწისძვრის შედეგად მიღებული ზარალი დაახლოებით 60 მილიონ დოლარად შეაფასა, იტყობინება ტაივანის გაზეთი Commercial Times.
TSMC-ში განმარტეს, რომ პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპანიის ზოგიერთი საწარმოო ობიექტის ევაკუაცია განხორციელდა. საწარმოო სიმძლავრის ნაწილი შეჩერდა. 3 აპრილს დილით, ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,4 მაგნიტუდა შეადგინა. BBC-ის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობს ტაივანის ქალაქ ჰუალიენის სამხრეთით, დაახლოებით 18 კილომეტრში (11 მილი).
ჰუალიენის შორეულ, მთიან რეგიონში მეწყერი ჩამოწვა.
ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ ტაიბეიმდე. ტაივანის ეროვნული სახანძრო სააგენტოს განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 711 ადამიანი დაშავდა.