ზურაბიშვილმა მმართველი გუნდი მწვავედ გააკრიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე მმართველი გუნდი მწვავედ გააკრიტიკა. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი სახე გამოაჩინა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დღეს უკვე ყველაფერი ნათელია - „ოცნებამ“ თავისი განაცხადი გააკეთა: ევროპას უთხრა - არა. ამ განცხადებებით ის „ქართული ოცნების“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.


პრეზიდენტის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა.

„[ქართულმა ოცნებამ“] ევროპას უთხრა არა, ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია, ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი. ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს „ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის ერთადერთ სიტყვა, რაც მომაფიქრდა.“არა” - იუსტიციის რეფორმას.

„მე არ შევალ ვეტინგით“ თუ სხვა ფორმით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ „მურუსიძეს და ჩინჩალაძეს არ გავწირავთ საქართველოს ევროპული მომავლის ნაცვლადაც კიო.“ „არა“ - სანქციებთან შეერთებას, ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას, რაზედაც გვეუბნებიან, რომ ეს აუცილებელია ,თუ გინდათ რომ ჩვენთან შემოხვიდეთ თანამეგობრობაში...“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, დაინახოს; მოისმინოს, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ - დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი აღარასდროს არ დაბრუნდება აქ და ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ.

„„ოცნებამ“ უკვე თავისი სახე გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილებაო, ჩვენი დამსახურებაა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.


პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებზე ერთი ევროპული დროშით გასვლის მოწოდებით გამოვიდა, თუმცა აქვე დააზუსტა, რომ ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც პარტიების გაერთიანებას.

მისი შეფასებით, „პასუხი ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა.“

„უნდა გავიდეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაცია ამისთვის არის საჭირო, სწორედ, არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა. აქ საჭირო არის მომზადება, იმისთვის, რომ ყველა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ.

რამდენიმე პარტიით ალბათ, მაგრამ ეს არის ევროპული დროშა და სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ და გავერთიანდებით. ეს არ ნიშნავს პარტიების მაინცდამაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს გამსხვილებას. ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობას ევროპაზე და ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


მან დასავლეთის მიმართ მმართველი გუნდის რიტორიკა გააკრიტიკა.

„ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოც არის, ძალიან მაგრები ვართო, არ უნდა ვაწყენინოთ რუსეთს. ეს არის ამ ყველაფრის სარჩული. არა სამართლიან არჩევნებს, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი წესები, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკოო, და ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკოს თავმჯდომარეო. არა დიასპორის მონაწილეობას, ვინიცობაა ჩვენი არ იყოსო და როგორ შეიძლება (შეურაცხყოფაც ყოველთვის თან ახლავს) „ყოველ პადიეზდში ხომ არ გავხსნითო საარჩევნო უბანსო.“

„არა” - ქალების უფლებებს და „არა“, იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გვქონდა გენდერულ თანასწორობაზე, უკან-უკან წავიდეთო და ქალები ბუტკაშიო. არა ანტიკორუფციულ ზომებს, პირიქით, თურმე არ უნდა ვიცოდეთ, როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები, სასამართლოების თავმჯდომარეები თუ ყოფილი პრემიერები. მთავარია მდიდარი დედ-მამა ჰყავდეთ ან შვილები, ან ძმები და საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.


ის საარჩევნო სიებში გენდერული კვოტის გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასაც გამოეხმაურა.

„მინდა, მივმართო „ოცნებას“ და „ოცნების“ წარმომადგენლებს, გილოცავთ ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლებიან ან თუ ითვლებიან, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს, აღარ მოიხსენიოთ! დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.