პარლამენტმა სადავო კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო

პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 3 აპრილს პირველი მოსმენით - 82 ხმით, 15-ის წინააღმდეგ მიიღო. პირველ აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ „გირჩის“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.


ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა ამავე სხდომაზე კოლეგებს აცნობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა. შეთანხმების თანახმად, უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას. სანაცვლოდ, „გირჩი“ ხმას მისცემს „ოცნებისთვის“ სასურველ კანდიდატს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის დროს.


საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, კვოტები 2032 წლამდე არ უნდა გაუქმებულიყო. კანონში წერია, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიებს მოეთხოვებათ სიები, რომლებშიც „ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი“. ცესკოში წარდგენილი სია პარტიას დაუბრუნდება, თუკი არ არის დაცული სქესთა შორის ბალანსი. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევათ 3 დღე. თუკი პარტია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს საარჩევნო სიას, რომლის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც იქნება ქალი, საარჩევნო სუბიექტი კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას მიიღებს. 2028 წლის და 2032 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. 2032 წლის ჩათვლით, მუნიციპალური არჩევნებისათვის პარტიულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი.


„გირჩის“ ინიციატივა 203-ე მუხლის მთლიანად ამოღებას გულისხმობს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.


პარლამენტმა, პირველი მოსმენით, ასევე მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის საფუძველზეც პარტია უფლებამოსილი ხდება, პარტიული სიის შედგენისას, დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.


„ქართული ოცნების“ მიერ “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 80 ხმით (13 წინააღმდეგი) მიიღეს. ამავე ცვლილებით, საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად დადგენილი 40%-იანი ბარიერი უქმდება და არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება.“ ოპოზიცია ცვლილებებს საარჩევნო ოლქებსა და მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ კანდიდატების „ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმების მცდელობად“ აფასებს. ცვლილებას არასამთავრობო ორგანიზაციები რომლები შეცდომაში შემყვანად მიიჩნევენ.

ცნობისთვის, 2020 წლის არჩევნები კვლავ შერეულად ჩატარდა, მაგრამ 120 დეპუტატი პროპორციული სიებით აირჩიეს და მხოლოდ 30 - მაჟორიტარული წესით. წინა შემთხვევებში ეს თანაფარდობა გაცილებით მაღალი იყო - 77/73.

2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით იმართება. ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს. ახლა პარტიას ენიჭება უფლება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის (ან ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა „დელეგატად“ განსაზღვროს.