კრამონი პაპუაშვილზე: გერმანულ ორგანიზაციაში კანონის უზენაესობის პროექტებზე მუშაობდა

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" მიერ „აგენტების შესახებ კანონის" ხელახლა ინიცირების გადაწყვეტილების გამო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს  შალვა პაპუაშვილს აკრიტიკებს.

„ეს არის კაცი, რომელიც გერმანულ ორგანიზაციაში, საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) ბევრი წელი კანონის უზენაესობის პროექტებზე მუშაობდა. დასავლელი დონორები როგორ შედიან შეცდომაში და სამსახურში აჰყავთ ადამიანები, რომლებიც კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, ყველაფერს აკეთებენ, არღვევენ პარლამენტარების უფლებებს და ატარებენ რუსეთის ინტერესებს? სირცხვილი!“ - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.


პაპუაშვილი 2007-2020 წლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებში (GIZ) სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, იყო პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, შემდეგ კი, საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.