გააგრძელებს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, ამ თემაზე სამსჯელად დღეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ,,ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბებიან.
როგორც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, შეხვედრაზე ოპოზიციური სპექტრის წევრები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ, შეჯერდებიან საერთო პოზიციაზე.
დეკანოიძე მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია ოპოზიციას ერთიანი, შეჯერებული პოზიცია ჰქონდეს.
,,ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც ჩვენ განვიხილავთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის პოლიტიკური კრიზისი განმუხტვის კუთხით, მოლაპარაკებები ჩატარების კუთხით, ასევე ვიმსჯელებთ ჩვენ საერთო პოზიციებზე და შევჯერდებით ძალიან ბევრ საკითხზე. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ერთიანი პოზიცია.
ვთვლი, რომ მორალურად და ეთიკურად ძალიან მძიმეა ღარიბაშვილთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა, მათ შორის, როდესაც ადამიანი უნდა იყოს სისხლის სამართლის დევნის ობიექტი", - განაცხადა დეკანოიძემ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ასევე გამოეხმაურა ,,ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კონკრეტულად კი, დღეს, პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, ვასილ მაღლაფერიძის მიერ თანამდებობის დატოვებას.
დეკანოიძე ამბობს, რომ ,,ქართულ ოცნებაში" მნიშვნელოვანი ძვრებია და სავარაუდოდ ვასილ მაღლაფერიძე არ სურს პოლიტიკური ,,ფსკერისკენ" წასვლა.
,,არ მაქვს ინფორმაცია ბატონი ვასილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ერთადერთი შემიძლია ის ვთქვა, რომ როდესაც ესეთი მნიშვნელოვანი ძვრები ხდება მმართველ პარტიაში, რომელიც ფსკერისკენ მიდის, ადვილი შესაძლებელია, რომ ბატონ ვასილს არ უნდოდეს ამ ფსკერისკენ წასვლა და რაღაც მიზეზი მოიგონოს.
მე არ მგონია, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობა დიდ ფიზიკური დატვირთვას მოითხოვს", - განაცხადა დეკანოიძემ.