ხუთშაბათს, 4 აპრილს, NATO დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე, ხელმოწერის 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. დოკუმენტში ვაშინგტონში სწორედ 75 წლის წინ გაფორმდა.
NATO დაარსებიდან 74-ე წელს ახალი წევრის მიღებით შეხვდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა. წელს კი, ალიანსს 32-ე წევრი - შვედეთი შეემატა.
„ხუთშაბათს (2024 წლის 4 აპრილს), ალიანსის შტაბ-ბინაში, NATO-ს დამფუძნებელი დოკუმენტის, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ხელმოწერიდან 75 წლის აღსანიშნავად, საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. 1949 წლიდან, ალიანსი, რომელმაც უზრუნველყო მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა თავისი წევრებისთვის, ახლა 32 მოკავშირესა და მილიარდ ადამიანს ითვლის ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს,“ წერს ალიანსი დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ალიანსის გენერალური მდივნის შეფასებით, NATO უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე“. სტოლტენბერგი მიესალმა იმ ფაქტს, რომ დამფუძნებელი ხელშეკრულება, რომელიც ჩვეულებრივ, ვაშინგტონში ინახება, პირველად გამოიფენა NATO-ს შტაბ-ბინაში.
- ბრიუსელში შენობები NATO-ს ლურჯ ფერშია განათებული, მათ შორის, ბრიუსელის მერია და ეგმონტის სასახლე. საკულტო Manneken Pis-ის ქანდაკება, ბრიუსელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ სიმბოლოს სპეციალური სამოსი ჩააცვეს. სხვა მოკავშირეები ასევე აღნიშნავენ იუბილეს ღონისძიებებით, მათ შორის, საჯარო დისკუსიებით, მუსიკალური წარმოდგენებით და ალიანსის ლურჯ ფერებში შენობების განათებით.
1948 წლის მარტში დასავლეთ ევროპის ხუთმა სახელმწიფომ – ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს „ბრიუსელის პაქტს.“ ეს კავშირი მიზნად ისახავდა ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას და თავდაცვის საერთო სისტემის შექმნას, რომელიც საბჭოთა კავშირის იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და სამხედრო ექსპანსიას წინ აღუდგებოდა.
“ბრიუსელის პაქტი“ დასავლეთ ევროპის საერთო უსაფრთხოების სისტემის შექმნის წინაპირობად იქცა და სწორედ ის გახდა NATO-ს დაარსების საფუძველი.
"ბრიუსელის პაქტის“ ქვეყნები ერთიან თავდაცვით სისტემაში ჩართვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადასთან, ასევე დანიასთან, ისლანდიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასა და პორტუგალიასთან.
მოლაპარაკებები 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონის ხელშეკრულების (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება) ხელმოწერით დასრულდა - შეიქმნა უსაფრთხოების ერთიანი სისტემა, რომელიც ალიანსში შემავალი თორმეტივე წევრი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობასა და საერთო ფასეულობებს ეფუძნებოდა.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება - ვაშინგტონის ხელშეკრულება NATO-ს ფუძემდებლური დოკუმენტი 1949 წლის 4 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში გაფორმდა.
ამიტომ უწოდებენ მას ვაშინგტონის ხელშეკრულებას. ხელშეკრულება 14 პუნქტისაგან შედგება. თუმცა, მეხუთე პუნქტი ხელშეკრულების ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება თავდასხმად მთლიანად ალიანსზე.
1949 წლიდან დღემდე NATO-ს წევრი ქვეყნების რაოდენობა, გაფართოების რვა საფეხურის გავლით 12-დან 32 ქვეყანამდე გაიზარდა. გაფართოების პირველი სამი საფეხური, რომლის დროსაც საბერძნეთი და თურქეთი (1952), დასავლეთ გერმანია (1955) და ესპანეთი (1982) წევრი ქვეყნები გახდნენ, ცივი ომის დროს მიმდინარეობდა, როდესაც გადაწყვეტილება მიიღებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.
2020 წლის 27 მარტს ჩრდილოეთ მაკედონია ალიანსის 30-ე წევრი გახდა მას შემდეგ, რაც ათენსა და სკოპიეს შორის ისტორიული შეთანხმება მოხდა და სახელწოდებასთან დაკავშირებული დავა მოგვარდა. ვაშინგტონის ხელშეკრულების თანახმად, ალიანსის წევრები იღებენ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, ერთად გაიზიარონ კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები. ალიანსის მთავარი ამოცანაა წევრი სახელმწიფოების თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.