შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 1985 წელს დაბადებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ს.თ.-მ, მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტები, უცხო ქვეყნების მოქალაქეები 1993 წელს დაბადებული ვ.თ; 1965 წელს დაბადებული ბ.ო; 1996 წელს დაბადებული ო.გ. და 1992 წელს დაბადებული რ.გ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.