შუა დერეფნის განვითარება ესპანეთს შესაძლოა, ენერგორესურსებით ვაჭრობის გაზრდაში დაეხმაროს - სამინისტრო

ესპანეთი შუა დერეფნის განვითარებით დაინტერესებულია. ამის შესახებ აზერბაიჯანულ ქვეყნის საგარეო უწყებაში განუცხადეს.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) განვითარება შეიძლება, დაეხმაროს ესპანეთს ენერგორესურსებით ვაჭრობის გაზრდაში, განუცხადა Trend-ს ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ.

„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი არის ევრაზიული ვაჭრობის გასაღები და, შესაბამისად, აუცილებელია მისი განვითარების მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ესპანეთი და მთლიანად ევროკავშირი დაინტერესებულია მისი განვითარებით, რაც ხელს უწყობს ყველა სახის საქონლის ტრანსპორტირებას. ეს ჩვენს უკვე კარგ საერთაშორისო ვაჭრობის მაჩვენებლებსაც ეხმარება. კერძოდ, ესპანეთისთვის ეს შეიძლება, ნიშნავდეს ჩვენი ვაჭრობის ზრდას ენერგეტიკის, ასევე, სხვა მეტალურგიული პროდუქტებისა და აგროსასურსათო სექტორში,“ - აღნიშნა წყარომ.


ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.


TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.


ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.


ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში.

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.

გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ.


კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა.


ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება.


ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს.

კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში.


კვლევის ორი ძირითადი მიზანი

პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა;

მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება.

კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა.