სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი არ დაესწრება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წარმომადგენელი მისი კოლეგების შეხვედრას - აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. დსთ-ის შეხვედრა 12 აპრილს, მინსკშია დანიშნული.
სომხეთს რუსეთთან ახლო მოკავშირეობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა ბოლო თვეებში ერევანი ამ ალიანსისგან დისტანცირებისთვის დგამს ნაბიჯებს - იმ ფონზე, როცა, გავრცელებული ვარაუდით, მის გულისწყრომას იწვევს მოსკოვის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომში.
დსთ წარმოადგენს მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ დაჯგუფებას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 1991 წელს ამოქმედდა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მონაწილეობით. საქართველომ და უკრაინამ - რუსეთის აგრესიის მსხვერპლმა ქვეყნებმა - დსთ უკვე დატოვეს, მოლდოვამ თავისი დე-ფაქტო მონაწილეობა შეაჩერა და აცხადებს, რომ ორგანიზაციიდან წლის ბოლომდე გეგმავს გასვლას.
მირზოიანის გადაწყვეტილებას, არ დაესწროს დსთ-ის შეხვედრას რამდენიმე დღით უსწრებდა წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან. შეხვედრა კონცენტრირებული იყო სომხეთის გამძლეობის გაღრმავებაზე და მისი რუსეთზე მძლავრად დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე.