პეკინი: რუსეთთან ურთიერთობის გამო ჩინეთი კრიტიკას არ მიიღებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამო ჩინეთი კრიტიკას არ მიიღებს.

„ჩინეთსა და რუსეთს უფლება აქვთ, რომ ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაში ჩაერთონ. ასეთ თანამშრომლობაში ჩარევა ან მასზე ზეწოლა არ შეიძლება და ჩინეთი კრიტიკას ან ზეწოლას არ მიიღებს,“ - განაცხადა მაო ნინმა.


ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კურტ კემპბელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, თუ რუსეთი უკრაინაში კონტროლს უფრო მეტ ტერიტორიაზე დაამყარებს, მაშინ, ეს ევროპაში ძალთა ბალანსს შეცვლის და გავლენას აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებზეც მოახდენს.

„ჩვენ ამას აღვიქვამთ არამხოლოდ რუსეთის ქმედებებად, არამედ, ერთობლივ მოქმედებებად, რომელსაც მხარს ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა უჭერს,“ - აღნიშნა კურტ კემპბელმა.

2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარების საფუძვლად მიიჩნევს. უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ პეკინის გეგმა არ მოიცავს რეალურ წინადადებებს მშვიდობის დასამყარებლად. პეკინს ამ დრომდე არ დაუგმია რუსეთის უკრაინაში შეჭრა.