აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო შეშფოთებულია ქვეყანაში იმ თავდასხმის მსგავსი კოორდინირებული ტერაქტის განხორციელების შესაძლებლობით, რომელსაც გასულ თვეში მოსკოვთან ახლოს, Crocus City Hall-ის დარბაზში, რამდენიმე ათეული ადამიანი შეეწირა.
ამის შესახებ საუბარია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელ კრისტოფერ რეის გამოსვლის ტექსტში, რომელიც ხუთშაბათს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს წარედგინება.
„სამართალდამცავ ორგანოებში მთელი ჩემი მუშაობის განმავლობაში, ჩემთვის რთული გასახსენებელია ისეთი დრო, როდესაც საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ერთდროულად ამდენი საფრთხე წარმოშობილიყო," - ამბობს რეი და აღნიშნავს, რომ ახლა სწორედ ასეთი დროა.
22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი"). რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის, თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.