ჩინეთმა ორ ამერიკულ თავდაცვით კომპანიას სანქციები დაუწესა

ჩინეთმა ორ ამერიკულ თავდაცვით კომპანიას, ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის საპასუხოდ სანქციები დაუწესა.

ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩინეთმა ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და მათი ქონება დააყადაღა. 


პეკინმა შეზღუდვები დაუწესა General Atomics Aeronautical Systems-ს, რომელიც უპილოტო საავიაციო სისტემებს აწარმოებს, და General Dynamics Land Systems-ს, რომელიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებს.


ჩინეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა არის სერიოზული ჩარევა მათ საშინაო საქმეებში და ზიანს აყენებს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.


„აშშ-ის მიერ ჩინეთის ტაივანის რეგიონისთვის იარაღის მიყიდვის გაგრძელება არის „ერთი ჩინეთის“ პრინციპისა და აშშ-ჩინეთის სამი ერთობლივი კომუნიკეს სერიოზული დარღვევა“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.