ირაკლი კობახიძე: კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია

 „ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ, თუ გვეტყვიან, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერცერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა.


„ჩემი პასუხი დაფუძნებული იყო სიმართლეზე, ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი, კანონის შინაარსი არის ჩვენს მხარეს - რატომ? იმიტომ, რომ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. რა შეიძლება, იყოს ცუდი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტში, აბსოლუტურად გაუგებარია. რა არის კარგი - ეს უნდა იყოს ყველასთვის ასევე აბსოლუტურად გასაგები. კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ ამ კანონში.


თუ გვეტყვიან, კი ბატონო, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერცერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, თუ არ იქნება კონტრარგუმენტები, ამ შემთხვევაში ბოლომდე იქნება მიღებული კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი კონტრარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, რა თქმა უნდა, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებულ დისკუსიებში, პირადად მზად არის, ამაში ჩაერთოს.

„იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ის მზად არის, პირადად დაარწმუნოს ოპონენტები, რადგან აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციები მყარია.

 „ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, პირადად ვარ მზად, ამაში ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები.


პირადად ვარ მზად, ნებისმიერს დავუჯდე, რატომ, იმიტომ, რომ ძალიან მყარია ჩვენი პოზიციები. ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ კანონი მხოლოდდამხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვარიდებს რისკებს სამომავლოდ. აქ საუბარია საზოგადოების წინაშე არსებულ რისკებზე. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წლის ბოლოს, როდესაც გვქონდა რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა და ამ მცდელობაში პირდაპირ იყვნენ გარეულნი დამიანები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, ბევრი სხვა რამ გააყალბეს.


ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ საზოგადოებისთვის ასეთი ნეგატიური სცენარები, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამისთვისაც არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, იმისათვის, რომ ყველამ იმუშაოს გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად.

გამჭვირვალობა არის კეთილსინდისიერების არა მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელი პირობა. სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არ იყო გამჭვირვალობა, კონკრეტულმა ორგანიზაციებმა იკადრეს და გააყალბეს მაგალითად „პივიტი“ ან გააყალბეს სხვა მონაცემები. სადაც იქნება გამჭვირვალობა, იქ იქნება ნაკლები ცდუნება გაყალბების კუთხით,“ - განაცხადა პრემიერმა.


ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მან კანცლერს კანონპროექტის კვლავ დაინიცირების მიზეზი განუმარტა.

პრემიერის თქმით, „მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იყო უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა.

“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა,“ აღნიშნავს კობახიძე.

რაც შეეხება კანონს გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა დისკუსია ბატონ კანცლერთან. მე განვუმარტე მას ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას.
 
გვქონდა საუბარი ამ ყველაფრის მიზეზებზე, მათ შორის, განვმარტეთ ისიც, თუ რამ განაპირობა კონკრეტულად ამ დროს ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება. ეს არის ის, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა.
 
ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა. არის ძალიან მანკიერი გამოვლინებები, რასაც საზოგადოებისთვის შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ასახვა.

აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მე განვმარტე ძალიან  მკაფიოდ ისიც, რომ ძალიან მოკლეა ეს კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული და ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ ყოველწლიური ანგარიშის დეკლარირება, მეტი არაფერი. რა შეიძლება იყოს ამაში პრობლემური დემოკრატიისთვის, ეს არის გაუგებარი, პირიქით, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგები ექნება ამ ყველაფერს დემოკრატიისთვის. 

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელება, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი იყოს განხილული სათანადო მსჯელობის, ღია მსჯელობის პირობებში. თქვენ გახსოვთ შარშან ყველანაირად არიდებდნენ თავს დისკუსიას გამომდინარე იქიდან, რომ შარშანაც მიაჩნდათ,  შინაარსი იყო ჩვენი ველი. ჩვენ შინაარსობრივად ვართ მყარად, ამ კანონის შინაარსის თვალსაზრისით არის ყველაფერი გამართულად. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რაც არის დარჩენილი, ეს არის ძალიან ღია დისკუსია ამ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. ნუ გაურბიან დისკუსიას. 

 
რა თქმა უნდა, კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ეს არ არის მისი ამოცანა, მისი ფუნქცია, თუნდაც ეს კანონი იყოს 6-გვერდიანი თავისი მოცულობით. ეს არის ბიუროკრატიის ამოცანა. ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ პირობებში, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება წესრიგში და ყველა ყველაფერს სწორად გაიგებს,“ -  განაცხადა პრემიერმა.
 
შეკითხვას, თუ ევროკავშირი ტოლობის ნიშანს დასვამს ევროინტეგრაციასა და ამ კანონის მიღებას შორის, კობახიძემ უპასუხა, რომ „ტოლობის ნიშანი შეიძლება, იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება, იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის.
 
„მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა,“ განაცხადა კობახიძემ.
 
დღეს მას კანცლერმა მოუწოდა, რომ არ მიიღონ აღნიშნული კანონი.