საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მასპინძელი ქვეყნის ლიდერის განცხადებას "ქართული რადიკალური ოპოზიციის სახე თარგმნიდა". პრემიერმა ქართული მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე ახსნა კანცლერის განცხადების ქართულ თარგმანში „უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ“ კანონპროექტის ნაცვლად ე.წ. აგენტების კანონის ხსენება.
გერმანიაში ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა, მათ პრესკონფერენციაზე განცხადებები თბილისის დროით დაახლოებით 15:15 საათზე გერმანულ ენაზე გააკეთეს. კობახიძის განცხადებას ქართული მხარის დაქირავებული თარჯიმანი თარგმნიდა, შოლცის სიტყვას კი ფედერალური კანცელარიის მიერ დაქირავებული თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი.
„ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვსაუბრობთ ე.წ. აგენტების კანონზე. მას შემდეგ, რაც შარშან მისი მსვლელობა შეჩერდა, იმედი გვქონდა, რომ ეს საკითხი აღარ დადგებოდა დღის წესრიგში,“ - ამბობდა ზაალ ანდრონიკაშვილი, როცა ოლაფ შოლცის სიტყვას თარგმნიდა.
თავად გერმანიის კანცლერმა ახსენა კანონპროექტის სრული სახელი (უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ) ახსენა.
„საქართველოში ეს კანონი ცნობილია, როგორც კანონი "აგენტების" შესახებ, რომ არ შექმნილიყო გაუგებრობა და ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ რაღაც სრულიად სხვა კანონზეა ლაპარაკი, ვარჩიე ის სახელი, რომლითაც კანონს საქართველოში იცნობენ,“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას ზაალ ანდრონიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, "სათაურისგან დამოუკიდებლად იმის შინაარსი, რაც თქვა ფედერალურმა კანცლერმა, კონკრეტულად ამ კანონის შესახებ სიტყვა-სიტყვით სწორია და ყველას შეუძლია, გადაამოწმოს."
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ სწორედ მსგავსი ბიუროკრატიული ხარვეზების გამო შესაძლოა კანცლერს არ ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია იმ კანონპროექტის შინაარსზე, რომელსაც ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება.