გერმანია უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას სასწრაფოდ მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის ფედერალურმა სამინისტრომ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
„გერმანია დაუყოვნებლივ გადასცემს უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთ სისტემას რუსული ავიაციის მოსაგერიებლად. ეს დაემატება უკვე მიწოდებულ და აწი გადასაცემად დაგეგმილ სისტემებს," - ნათქვამია პოსტში.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების გაზრდის გამო, გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა. მან აღნიშნა, რომ რუსული ტერორი ჰაერიდან გრძელდება და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ინფრასტრუქტურის არსებობას, ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს.
„გმადლობთ, ოლაფ, თქვენი ხელმძღვანელობისთვის. ეს არის უკრაინის მხარდაჭერის ნამდვილი გამოხატულება კრიტიკულ მომენტში,“ წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.