ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ეს შედეგი „ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული წარმატებაა“. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგოა. ბავშვი ჰოსპიტალშია სამკურნალოდ გადაყვანილი.
მისი ინფორმაციით, ირანმა 170 დრონი, 30-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და 120-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათგან ისრაელის ტერიტორიას რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ მიაღწია, რამაც მცირე ზიანი მიაყენა საჰაერო ბაზას.
New York Times-ი კი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომბინირებული იერიში 185 Shaheed-ის ტიპის დრონით, 30 ფრთოსანი და 110 ბალისტიკური რაკეტით მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელს დრონებისა და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ-ის ძალები დაეხმარნენ
ისრაელის მთავრობამ უკვე გააუქმა თავდაპირველად დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი. მათ შორის გახსნა საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის.
ირანი იმუქრება, რომ მზადაა, დაარტყას აშშ-ს სამხედრო ბაზებს, თუკი ისრაელი თავდასხმით უპასუხებს მის საჰაერო სამხედრო თავდასხმას ისრაელზე, რომლის დროსაც ირანმა 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა ისრაელის საწინააღმდეგოდ. „ჩვენი პასუხი ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე ამღამინდელი სამხედრო მოქმედება, თუ ისრაელი ირანს პასუხს გასცემს," - განაცხადა ირანელმა გენერალმა მუჰამედ ბაღერიმ ირანულ სამთავრობო ტელევიზიაში ისრაელზე თავდასხმის პარალელურად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანმა შეერთებული შტატები უკვე გააფრთხილა რომ ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში მიზანში ამერიკულ ბაზებს ამოიღებენ.
გენერალ ბაღერის გარდა, თავდასხმაზე პასუხით იმუქრება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ჰოსეინ სალამიც.
ირანის მუქარის პარალელურად, CNN თეთრი სახლის ადმინისტრაციის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. CNN-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ირანზე შესაძლო საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას არ მიიღებენ. გამოცემის ცნობით, ბაიდენმა ნეთანიაჰუს ასევე განუცხადა, რომ ირანის თავდასხმა მეტწილად წარუმატებელი იყო და ისრაელი გამარჯვებული დარჩა. აშშ-ს შეფასებით, ისრაელმა თავისი უპირატესი სამხედრო ძალა გამოავლინა, ხოლო ირანმა ისრაელში ვერაფერი "ღირებული" ვერ დააზიანა.