პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ისრაელს ირანის თავდასხმის მოგერიების გამო აქებს.
მისი შეფასებით, მსგავსი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები უკრაინასაც უნდა გაუგზავნონ.
„ბრავო ისრაელს ირანის მსხვილი საჰაერო იერიშის მოგერიებისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებიდან იყო კოორდინირებული. ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს და თავდაცვის მსგავსი საშუალებები უკრაინაშიც უნდა გაიგზავნოს". - წერს სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონსაც მოუწოდა, რომ ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერ კანონპროექტს კენჭი უყარონ.
შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს.
ცნობისთვის, ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას.
ირანის მოკავშირეები
შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“
-
BBC: ჩინეთს ისრაელზე ირანის თავდასხმა არ დაუგმია
-
აშშ დაეხმარა ისრაელს თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტის ჩამოგდებაში - ბაიდენი