რიში სუნაკი გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე და ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფოს თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს ირანული თავდასხმის დრონი.
გაერთიანებული სამეფო მონაწილეობდა „საერთაშორისო კოორდინირებულ ძალისხმევაში“ ირანის მიერ გასროლილი რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების შესაკავებლად.
„ჩვენმა საჰაერო ძალებმა რეგიონში დამატებითი თვითმფრინავები გაგზავნა,” დასძენს ის.
მისი თქმით, ირანის თავდასხმა იყო "საშიში და არასაჭირო ესკალაცია“, რომელიც მან უმკაცრესად დაგმო.
„რაც ახლა გვჭირდება, არის ის, რომ მშვიდმა თავებმა გაიმარჯვონ,“ - განაცხადა სუნაკმა და დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს სიტუაციის დეესკალაციისთვის.
- აშშ დაეხმარა ისრაელს თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტის ჩამოგდებაში - ბაიდენი
- ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მოკავშირეებთან ერთად, ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ, 200-ზე მეტი დრონისა და რაკეტის დიდი უმრავლესობა ჩამოაგდო
შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს.
ცნობისთვის, ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას.
ირანის მოკავშირეები
შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“