მდინარაძის თქმით, „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ შეიძლება, ჰქონდეს როგორც ცუდი, ასევე, კარგი მნიშვნელობა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ, მამუკა მდინარაძემ ოპონენტების საპასუხოდ განაცხადა, რომ „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ შეიძლება, ჰქონდეს როგორც ცუდი, ასევე, კარგი მნიშვნელობა. როგორც მან აღნიშნა, არსებობს „კარგი ინტერესიც და ცუდი ინტერესიც.“


„ჩვენ ამას არ განვიხილავთ მხოლოდ უარყოფითი გაგებით. უარყოფითი გაგებაც აქვს, რა თქმა უნდა. მაგალითად, როდესაც რუსულ დაფინანსებაზე შეიძლება, ვლაპარაკობდეთ, რადგან ეს ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, 20%-მდე ტერიტორიის ოკუპანტი ქვეყანა, სხვანაირად, დადებით კონტექსტში ამას ვერ განვიხილავთ.


მაგრამ ახლა გადავიდეთ სხვა ქვეყნებზე - რაც შეეხება მეგობარ ქვეყნებს, პოლარიზაციას თუ დააფინანსებს და ა.შ., ცუდ რაღაცებს თუ დააფინანსებს, ეს არ არის მეგობრული დამოკიდებულება, მაგრამ თუ დააფინანსებს, მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროგრამას, ეს არის ძალიან კარგი.


ჩვენ ვიტყვით, რომ კონკრეტულად, ჩვენი რომელიმე მეგობარი ქვეყნის, მაგალითად, აშშ-ის ინტერესი ამ შემთხვევაში არის პოზიტიური. მისი ინტერესი თქვენ გაქვთ წარმოდგენილი ნეგატიურ კონტექსტში, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, არცერთი ქვეყანა არ ფიქრობს...

უცხო ქვეყნის ინტერესია მათ შორის ყველას მიერ აღიარებული ის პოზიტიური პროექტები, რაც არის, მაგრამ ნეგატიურს ეძახიან ცუდს და კარგს – კარგს, რა პრობლემაა?!“ – განაცხადა მდინარაძემ.


„უცხო ძალის ინტერესები არ ნიშნავს ნეგატიურს,“ – განმარტა თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, რომელიც სხდომას უძღვება. ოხანაშვილის თქმით, რომელიც საფრანგეთის მაგალითზე საუბრობდა, ნეგატიური კონოტაცია შეიძლება, იმ შემთხვევაში იყოს, თუ გამოყენებული იქნება ტერმინი - აგენტი.

სხდომის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. პარლამენტმა შენობაში ონლაინმედიის აკრედიტებული ჟურნალისტების შესვლა შეზღუდა.


ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა.


„ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა.


5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება.


ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.


პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა.