ზელენსკიმ მოკავშირეებს მიმართა, უკრაინა ისრაელის მსგავსად დაიცვან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირეებს იგივე „ერთობის“კენ მოუწოდებს, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაშია. 

ზელენსკიმ მოუწოდა მოკავშირეებს, გამოავლინონ იგივე „ერთობა“ უკრაინის მიმართ, როგორც ისრაელის შემთხვევაში, რომელმაც ირანის თავდასხმა დასავლეთის მხარდაჭერით მოიგერია.


უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ მანვე აღბნიშნა, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა, ტერორისგან დასაცავად რამდენად ეფექტიანია ერთიანობა, თუკი საკმარისი პოლიტიკური ნება არსებობს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისრაელზე ირანის თავდასხმის მოსაგერიებლად ერთად და მაქსიმალურად ეფექტიანად იმოქმედეს ისრაელმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იორდანიამ.


ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი არ არის NATO-ს წევრი და მის დასაცავად საჭირო არ გახდა ალიანსის წესდებით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის მსგავსი მუხლის გამოყენება, არც არავინ აღმოჩნდა ომში ჩათრეული და მხოლოდ ადამიანების სიცოცხლე დაიცვეს.

ზელენსკის განცხადებით, „შაჰედის“ ტიპის დრონებს უკრაინის საჰაერო სივრცეშიც ისეთივე ხმა აქვთ, როგორც ახლო აღმოსავლეთში და ბალისტიკური რაკეტებიც ერთნაირად მოქმედებენ, ამიტომ ტერორი ყველგან ერთნაირად უნდა დამარცხდეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპის ცა დიდი ხნის დაცული იქნებოდა, უკრაინას პარტნიორებისგან რომ ჰქონდეს ისრაელის მსგავსი, სრული დახმარება დრონების და რაკეტების ჩამოსაგდებად.


თეთრ სახლში 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელ ჯონ კირბის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ აშშ მოკავშირეებთან ერთად ისრაელს დაეხმარა ირანული დრონების განადგურებაში, რატომ არ შეიძლება, იგივე გაკეთდეს უკრაინაში. კირბიმ უპასუხა, რომ ეს სხვადასხვა კონფლიქტი, სხვადასხვა საჰაერო სივრცე და საფრთხის სხვადასხვა სურათია. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვება. კირბის განცხადებით, უკრაინას ეხმარებიან იარაღით, რომელიც საჰაერო სივრცის დასაცავად სჭირდება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პროცესი დღეს შეჩერებულია დამატებითი დაფინანსების არარსებობის გამო. თეთრი სახლი კვლავ მოუწოდებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატას, მხარი დაუჭიროს სენატის მიერ თებერვალში დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად.