პაპუაშვილი ონლაინმედიებზე: პარლამენტის აკრედიტაციის „ბოროტად გამოყენება“ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა, ეს არ არის სივრცე აქციების ჩასატარებლად

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის პარლამენტში დაშვების აკრძალვის თაობაზე.

პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის აკრედიტაცია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის აქვთ და მისი „ბოროტად გამოყენება“ მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად, ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა.


პაპუაშვილის თქმით, „პარლამენტი არის საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც უნდა იყოს შესაბამისი სამუშაო გარემო და ეს არ არის სივრცე აქციების ჩასატარებლად.“

„ონლაინ გამოცემების ჟურნალისტების რაოდენობა რამდენიმე ათეულია და ყველა ჟურნალისტი შემოდიოდა აქ, რომ პროტესტი გამოეხატა. გასაგებია მათი პროტესტი - შეუძლიათ, გარეთ, საჯაროდ გამოხატონ თავისი პროტესტი, რაც შეეხება შიგნით შემოსვლას და აქ პროტესტის გამოხატვას, ეს არის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა.


აკრედიტაცია გაქვთ, რათა განახორციელოთ ჟურნალისტური საქმიანობა, ხოლო ბოროტად სარგებლობა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა, როდესაც აკრედიტაციით სარგებლობ, შედიხარ შენობაში, რომელმაც შემოგიშვა იმისთვის, რომ ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელო, ნაცვლად ამისა კი, მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებს. ამისთვის არ არის აკრედიტაცია,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პაპუაშვილმა გაიხსენა წინა კვირას ბიუროს სხდომის პარალელურად „პუბლიკის“ ჟურნალისტის მიერ პარლამენტში გამოხატული პროტესტი და განაცხადა, რომ გუშინაც ამ მედიის წარმომადგენლების მიზანი პროტესტის გამოხატვა იყო.