შსს: დაკავებულია 2 პირი, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები

შსს განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს აქციის მონაწილეებს “დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.“ უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მესამე დღეა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.


მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.

ასევე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ წერია შსს-ს განცხადებაში.

  • უწყებამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

  • აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები.

აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.

სამართალდამცველემა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.


შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება,“ წერს შსს.