მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან 3 პირი დააკავეს. შსს-ს ოფიციალური ცნობა ჯერ არ გაუვრცელებია.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს, აქციაზე ვითარება დაძაბულია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შესვლას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო. ელისაშვილმა რამდენჯერმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რისი საშუალებაც მას პოლიციამ არ მისცა. საბოლოოდ, ელისაშვილი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, ვინაიდან ელისაშვილი დეპუტატია, მას ვერ დააკავებენ, ამიტომ, მისი ტერიტორიიდან განრიდება მოხდა.
„ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას. არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად,“ - განუცხადა თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმ, ვაჟა სირაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მყოფ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, რაიმე სახის სამართალდარღვევის შემთხვევაში, ძალადობა, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
„არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ როდესაც აქცია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და არ სცდება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონით დადგენილ ნორმებს, პოლიცია არის სტანდარტულად მშვიდ რეჟიმში.
იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, ძალადობა კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას. არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად.
ამასთან, ყველა სამართალდარღვევაზე ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთების საშუალება არ გვაქვს. ვიმყოფებით და ვმოქმედებთ არსებული რეალობიდან გამომდინარე," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
-
შსს: დაკავებულია 2 პირი, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები
-
„ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, პროტესტის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ