„ჩვენ არ ვმოქმედებთ სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე,“ - უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას, არის თუ არა მისთვის უხერხულობის შემქმნელი ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხოლოდ რუსეთი იწონებს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობისთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ნება, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის.
„არა, იმიტომ, რომ თუკი პოზიცია არის ასეთი, რომ ჩვენთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ნება, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის. ჩვენ უპირატესად არ ვმოქმედებთ სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე.“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამავე საკითხზე საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ „რაღაცა თეთრია თუ შავია უნდა გადაწყდეს არგუმენტით, რომ ეს ფერი რაღაცას ნიშნავს და არა ის, ვინ რა თქვა.“
„რაღაცა თეთრია თუ შავია უნდა გადაწყდეს არგუმენტით, რომ ეს ფერი რაღაცას ნიშნავს და არა ის, ვინ რა თქვა. მთელი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ გვაქვს დოგმებით საუბარი, რომ „იმან რომ თქვა“, „ამან რომ თქვა“ - ეს არგუმენტი არ არის.
ეს არის ავტორიტეტებით საუბარი და არა არგუმენტებით. ჩვენ რომ მხოლოდ ავტორიტეტებს დავყრდნობოდით, მაშინ უნდა დაგვეწესებინა სანქციები, რაც კატასტროფა იქნებოდა ქართველი ხალხისთვის, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაგვეთავისუფლებინა, აქეთკენ გვიბიძგებდნენ იგივე ავტორიტეტები - ეს იქნებოდა კატასტროფა ხალხისთვის და ბევრი სხვა, რისკენაც გვიბიძგებდნენ იგივე ავტორიტეტები პირდაპირ, ირიბად, ღიად, დახურულ კარს მიღმა და ა.შ. ჩვენ მივყვებოდით და მივყვებით არა იმას, რას ამბობენ ავტორიტეტები, არამედ იმას, რა არის სწორი ქართველი ხალხისთვის საღი, გონივრული განსჯის შედეგად,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე და აღნიშნა, რომ „მიმდინარე აქციებმა მათ დაანახეს ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ.“
„ამ დღეებმაც დაგვანახეს ერთი საჭიროება ამ კანონის და მეორე, ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. ზუსტად ამ აქციებმა დაგვანახა ამ კანონპროექტის მიმართ ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი ამ კანონზე მსჯელობას გააგრძელებს,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
-
22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი
-
არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები