ირანში, ისპაჰანის მახლობლად სამხედრო ავიაბაზაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, - ამის შესახებ The New York Times-ი ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. ამასთან, გამოცემის წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელმა ქვეყანამ განახორციელა თავდასხმა. The New York Times-ს ორმა ისრაელელმა სამხედრო ჩინოვნიკმა განუცხადა, რომ თავდასხმის უკან ისრაელი იდგა. მანამდე ABC News-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
ირანული მედიის ცნობით, ქალაქებში: ისპაჰანში, შირაზსა და თეირანში ფრენები შეჩერებული იყო.
ირანული მედიის ინფორმაციით, ირანში წუხელ განხორციელებულ თავდასხმას ზიანი არ გამოუწვევია და ხმაური, რომელიც ისპაჰანში ისმოდა, საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობას უკავშირდება. ამის შესახებ ქვეყნის არმიის ერთ-ერთმა მეთაურმა, გენერალმა სიავოშ მიჰანდოუსტმა განაცხადა. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების სამიზნეს „საეჭვო ობიექტი“ წარმოადგენდა.
ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა იყო. ისლამური რესპუბლიკის კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰოსეინ დალირიანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა „წარმატებით ჩამოაგდეს“ სამი უპილოტო საფრენი აპარატი.
შეგახსენებთ, თეირანი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ პირველ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ამ ქმედებას უპასუხებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის და როგორ. ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, საპასუხო ზომები დეტალურად გაიაზრონ და გააფრთხილა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანზე საპასუხო დარტყმაში.