ლავროვის მტკიცებით, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გაცილებით რბილია, ვიდრე ბევრ ქვეყანაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, „კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ, რომელსაც ახლა საქართველოში განიხილავენ, გაცილებით უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, საფრანგეთსა და პოლონეთში.“


„საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ყველაზე რბილია და თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთსა ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ ფულს იღებ, ამაზე არ ლაპარაკობ და ამ ფულით რაღაცას არასწორად აკეთებ.

ქართული კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“, მხოლოდ თანხების დეკლარირებას მოითხოვს, თუ ორგანიზაცია დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს,“ -ამტკიცებს სერგეი ლავროვი.


შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის.


„ქართული ოცნება" მის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

ირაკლი კობახიძემ 17 აპრილს განაცხადა, რომ „უკრაინიზაციის“ თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი.“

უკრაინის საგარე საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები “უკრაინიზაციის” შესახებ, რომლის წინააღმდეგაც არის ვითომდა მიმართული “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი, აღშფოთებას იწვევს.


ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.