თურქეთსა და ბულგარეთს შორის მეორე სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა შუა დერეფნის პოტენციალს გაზრდის - თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი

თურქეთსა და ბულგარეთს შორის მეორე სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა შუა დერეფნის პოტენციალს გაზრდის. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ მსოფლიო ბანკის ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა. ჩქაროსნული სარკინიგზო პროექტი თურქეთს ბულგარეთთან აკავშირებს.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბულგარეთის რკინიგზის მზარდი პოტენციალის გათვალისწინებით, თურქეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მეორე რკინიგზის შექმნის შესახებ. ეს გაზრდის ტვირთბრუნვას აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და ასევე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შუა დერეფნის სარკინიგზო პოტენციალის რეალიზებაში.


თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია დივრიგი-ყარსის რკინიგზის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გაგრძელებაა, გააძლიერებს კავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და გაზრდის ამ მარშრუტის სიმძლავრეს. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ აღმოსავლეთ თურქეთში ახალი რკინიგზა აშენდება, რომელიც მომავალ ზანგეზურის დერეფანს თურქეთის ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან დააკავშირებს.

„ეს გზა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზთან ერთად, საბოლოოდ შექმნის შუა დერეფანს,“ - განაცხადა ურალოღლუმ.


როგორც მან აღნიშნა, გაიზრდება ტვირთების ნაკადები ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის.

„თურქეთი ერთგული რჩება შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების მიმართ და ცდილობს, გაზარდოს ვაჭრობა და თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებს შორის,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, თურქეთში 2053 წლისთვის იგეგმება სარკინიგზო ტვირთების წილის გაზრდა, სხვადასხვა რეჟიმით, ტვირთის გადაზიდვის მთლიანი მოცულობის 22%-მდე.