უკრაინის დახმარების კანონპროექტზე კენჭისყრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დღეს გაიმართება. აშშ-ის კონგრესის მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შემდეგ აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დაუყოვნებლივ დაიწყებს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა.
„როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, უკრაინელებმა კონგრესის უმოქმედობის გამო ტერიტორიები დათმეს. მაგრამ ჩვენ მოხარული ვართ, რომ კონგრესი წინ ორპარტიულ საფუძველზე მიიწევს. ჩვენ გვსურს, რომ კონგრესმა, სენატმა ეს დაამტკიცოს და იგი პრეზიდენტის მაგიდაზე მოხვდეს და პრეზიდენტი ამ დახმარებას ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს,“ - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ხელში ჩაგდებაა.
„და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ჩვენ ვიცით, რა ხდება, როდესაც ტირანსა და დიქტატორს ვერ აჩერებენ და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისტორია განმეორდეს,“ - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
გუშინ, 19 აპრილს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საგარეო დახმარების ოთხ ცალკეულ კანონპროექტზე პროცედურული კენჭისყრა გამართა, მათ შორის უკრაინის დახმარების კანონპროექტზე. შეერთებული შტატები ემზადება, სწრაფად მიიღოს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რადგან კონგრესი მალე დაამტკიცებს კანონს უკრაინის მხარდასაჭერად, იტყობინება Politico.
მედიის ცნობით, ამერიკული იარაღის ნაწილი უკვე განლაგებულია ევროპის მასშტაბით საწყობებში და მისი უკრაინაში დაუყოვნებლივ გადატანა შესაძლებელია. ზოგიერთი აღჭურვილობა შეიძლება, უკრაინაში რამდენიმე დღეში ჩაიტანონ, ზოგს კი, შესაძლოა, კვირები დასჭირდეს. პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა უარი თქვა დეტალების დაკონკრეტებაზე იმის შესახებ, თუ რას მოიცავს სამომავლო დახმარების პაკეტი. მაგრამ, მისი თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან საიმედო ლოგისტიკური ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევს მას, ძალიან სწრაფად გადაიტანოს მატერიალური აქტივები. ეს შეიძლება, დღეების საკითხი იყოს.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის, ისრაელისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის დახმარების პაკეტის გარშემო კენჭისყრას 20 აპრილს ჩაატარებს. განაცხადა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 17 აპრილს, ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ მას მერე, რაც დახმარება სენატმა დაამტკიცა.