აშშ განიხილავს კიევში ახალი სამხედრო მრჩევლების გაგზავნის საკითხს

აშშ მსჯელობს კიევში, ამერიკის საელჩოში, ახალი სამხედრო მრჩევლების გაგზავნის საკითხზე. ამის შესახებ Politico იტყობინება. პენტაგონის წარმომადგენლის გენერალ-მაიორ პატრიკ რაიდერის სიტყვებით, მრჩევლები არ მიიღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, ისინი კონსულტაციას გაუწევენ და მხარს დაუჭერენ უკრაინის ხელისუფლებასა და შეიარაღებულ ძალებს.


„ოპერატიული უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, რაიდერს არ დაუსახელებია მრჩევლების ზუსტი რაოდენობა. Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კიევში შესაძლოა, 60 ადამიანი გაემგზავროს.


„დამატებითი ძალები უკრაინას დაეხმარებიან ლოგისტიკურ საკითხებში, ასევე, იმ შეიარაღების მეთვალყურეობაში, რომელსაც აშშ უკრაინას უგზავნის,“ - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელთა ვინაობაც დასახელებული არ არის.


20 აპრილს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ დაამტკიცა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა. ეს ნაწილია უფრო ფართო პაკეტისა, რომელიც ასევე ითვალისწინებს დახმარებას ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებისთვისაც, მათ შორის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის.


მთლიანობაში პაკეტი მოიცავს 95,3 მილიარდ დოლარს, რაც შეესაბამება იმ თანხას, რომელიც აშშ-ის სენატმა თებერვალში დაამტკიცა. მაგრამ წარმომადგენელთა პალატის პაკეტში რამდენიმე განსხვავებაა სენატის დოკუმენტთან შედარებით. მიმომხილველთა აზრით, ამ განსხვავებების მიზანი იყო, დაეშოშმინებინა წარმომადგენელთა პალატის კონსერვატორები. დოკუმენტის თანახმად, უკრაინა მიიღებს 60,84 მილიარდ დოლარს.


Politico აშშ-ის მაღალი რანგის მოხელეებზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონი ემზადება, სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის უკიდურესად აუცილებელი იარაღის სია, მათ შორის, საარტილერიო ჭურვები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. საგარეო საქმეთა სამინისტრო საამისოდ ელოდებოდა დახმარების კანონპროექტის დამტკიცებას.