მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. პაკეტი გადაინაცვლებს დემოკრატების კონტროლქვეშ მყოფ სენატში, სადაც თითქმის გარანტირებულია მისი სწრაფი დამტკიცება. ამის შემდეგ მას ხელი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. ეს დახმარება ნაწილია უფრო ფართო პაკეტისა, რომელიც ასევე ითვალისწინებს დახმარებას ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებისთვისაც, მათ შორის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის.
„მადლობელი ვარ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის, ორივე პარტიის და პირადად სპიკერის მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ისტორიის სწორ გზას აგრძელებს. დემოკრატიას და თავისუფლებას ყოველთვის ექნება გლობალური მნიშვნელობა და არასოდეს დამარცხდება, ვიდრე ამერიკა მათ დაცვაში დაეხმარება. აშშ-ის დახმარების სასიცოცხლო კანონპროექტი, რომელიც დღეს მიიღო პალატამ, ხელს შეუშლის ომის გაფართოებას, გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და ორივე ჩვენს ერს უფრო გააძლიერებს. მშვიდობა და უსაფრთხოება მხოლოდ სიძლიერით მიიღწევა. ვიმედოვნებთ, რომ კანონპროექტები სენატში იქნება მხარდაჭერილი და შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნება,“ წერს პრეზიენტი ვოლოდიმი ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მედიის ცნობით, ამერიკული იარაღის ნაწილი უკვე განლაგებულია ევროპის მასშტაბით საწყობებში და მისი უკრაინაში დაუყოვნებლივ გადატანა შესაძლებელია. ზოგიერთი აღჭურვილობა შეიძლება, უკრაინაში რამდენიმე დღეში ჩაიტანონ, ზოგს კი, შესაძლოა, კვირები დასჭირდეს. პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა უარი თქვა დეტალების დაკონკრეტებაზე იმის შესახებ, თუ რას მოიცავს სამომავლო დახმარების პაკეტი. მაგრამ, მისი თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან საიმედო ლოგისტიკური ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევს მას, ძალიან სწრაფად გადაიტანოს მატერიალური აქტივები. ეს შეიძლება, დღეების საკითხი იყოს.
აშშ-ის კონგრესის მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შემდეგ აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დაუყოვნებლივ დაიწყებს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა.
„როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, უკრაინელებმა კონგრესის უმოქმედობის გამო ტერიტორიები დათმეს. მაგრამ ჩვენ მოხარული ვართ, რომ კონგრესი წინ ორპარტიულ საფუძველზე მიიწევს. ჩვენ გვსურს, რომ კონგრესმა, სენატმა ეს დაამტკიცოს და იგი პრეზიდენტის მაგიდაზე მოხვდეს და პრეზიდენტი ამ დახმარებას ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს,“ - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ხელში ჩაგდებაა.
„და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ჩვენ ვიცით, რა ხდება, როდესაც ტირანსა და დიქტატორს ვერ აჩერებენ და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისტორია განმეორდეს,“ - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, დახმარების შესახებ კანონპროექტი თებერვალში მიიღო, სოლიდური 70%-იანი ორპარტიული უმრავლესობით, ხოლო პაკეტის მომხრეებმა განაცხადეს, რომ ის ასეთივე პროპორციით გავიდოდა წარმომადგენელთა პალატაში, ჯონსონს კენჭისყრის ნება რომ დაერთო. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ის მას ხელს მოაწერს.
აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.