აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში შეძლებს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ლოგისტიკური ქსელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავიტანოთ აღჭურვილობა ძალიან სწრაფად, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით,“ - ციტირებს The New York Times-ი პატრიკ რაიდერს.
გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ იარაღს პენტაგონის საწყობებიდან სარკინიგზო ტრანსპორტით გერმანიაში გადაიტანენ. კონკრეტულად რა შედის უკრაინის დახმარების ახალ პაკეტში, არ არის დაზუსტებული, მაგრამ, რაიდერის თქმით, სავარაუდოდ, იქნება დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა საჰაერო თავდაცვისა და არტილერიისთვის.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა. სენატის მიერ დატკიცების შემდეგ, კანონპროექტს ხელს ჯო ბაიდენი მოაწერს.